გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კობა კობალაძე: დიდ პატივს ვცემ მედიას, მაგრამ ეს არ ეხება პირადი ან პარტიული გამორჩენის მიზნით აჟიტირებულ, კვაზი ან ფსევდო ჟურნალისტებს!

25-12-2020

"დიდ პატივს ვცემ მედიას, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ და ვიყავი და მზად ვარ თანამშრომლობისათვის. მაგრამ ეს არ ეხება პირადი ან პარტიული გამორჩენის მიზნით აჟიტირებულ, კვაზი ან ფსევდო ჟურნალისტებს!
არავის აქვს უფლება, ადამიანის პირად სივრცეში შეჭრისა. ეს, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებსაც ეხება! პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია ყველასათვის" - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ კობა კობალაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, მინიმუმ, პირის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობაა. ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლიან მოლოდინს.

საჯარო პირების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები, რომლებიც თავად არ არიან საჯარო პირები, სარგებლობენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფრო მაღალი ხარისხით.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ფიზიკური სივრცის უფლებას, არამედ ამ სივრცით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებასაც. პიროვნების სახლის მისამართი, არის პირადი მონაცემი; ამდენად, იგი დაცულია და არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ჟურნალისტების მხრიდან.

აქედან გამომდინარე, ევროპული პრაქტიკისთვის სრულიად მიუღებელი და ამორალურია, სენსაციის მოპოვების მიზნით, ჩვეულებრივი მოქალაქის სახლში მივარდნა და 80 წლის ქალი-დედა, რომელსაც 54 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა, ქალბატონი, რომელსაც რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ქმრის გარდაცვალების მეორმოცე დღეს, სასაფლაოზე გასვლაც კი უჭირს, შოკში ჩააგდო. ვიდეოკამერების თანხლებით სახლში შეუვარდე და კომენტარი მოსთხოვო თუ მისი შვილი რატომ დაინიშნა ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად და რატომ აღარ არის პარლამენტის დეპუტატი! მარაზმია! ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ დროს, ისედაც სტრესში მყოფ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს, რომ რამე დაემართოს?! ჟურნალისტი, მისი იქ გამომგზავნი, თუ ტელევიზიის ხელმძღვანელი?!

მე, საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ვარ! ასობით და ათასობით კი არა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ათეულ ათასობით განისაზღვრება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც პირადად ვიცნობ და გაცილებით მეტი, ვინც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიცნობს. აქედან ერთი ადამიანიც ვერ იტყვის, რომ ოდესმე, ნებისმიერ ვითარებაში, ადამიანებს და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას გავქცევივარ! თუ ინფორმაცია გაინტერესებთ ვეტერანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მომავლის ხედვებსა და განვითარების სტრატეგიაზე, პირიქით, დიდ მადლობას გეტყვით და გახსნილად და გულწრფელად მოგახსენებთ. საზოგადოებრივ ინტერესს ჟურნალისტების ჩართულობა უფრო გააღვივებს და აქცენტირებას გააკეთებინებს განვითარების პერსპექტივებზე, რისი მომხრეც ვარ ყოველთვის.

ჟურნალისტიკაში არსებობს პროფესიული სტანდარტი და მედია ეთიკა. სიტყვის თავისუფლების არსებობის პირობებში, ჩვენს დასავლელ პარტნიორ ქვეყნებში, ჩამოყალიბებულია ჟურნალისტური ეთიკის კრიტერიუმები, სადაც კონკრეტულად
წერია, რომ „ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა პირდაპირ გულისხმობს ადამიანის ისეთი ძირითადი ღირებულებების პატივისცემას, როგორიცაა ადამიანის უფლებები.

პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი და, ასევე, კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ (მუხლი 8 და ურიგო არ იქნება, თუ ამას პოლიტიკურად ანგაჟირებული ჟურნალისტებიც გაითვალისწინებენ!

ადამიანის პირად სივრცეში შეჭრის, მისი ფუნდამენტური უფლებების შელახვის ძალიან ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ და, ვფიქრობ, ეს პარტიული, პოლიტიკური შეკვეთაა, ისე გამოჩნდეს სიტუაცია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ნებისმიერი ადამიანის ნება და თავისუფლება შეზღუდულია. ყველაფერს წყვეტს მარტო პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რაც გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს და პირიქით, გამიზნულია ჩვენი ხელისუფლების და, საერთოდ, წმინდა, ადამიანური ღირებულებების საწინააღმდეგო პროპაგანდად, ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვად! პირიქით, იშვიათად მინახავს ესეთი გულისხმიერი, სხვისი აზრის გამზიარებელი და ტოლერანტული პიროვნება. მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ_მე ჩემს თავზე ვიტყვი პერსონალურად, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი თავისუფალი ადამიანის მოსაზრებასაც გამოვხატავ_ მე, ჩემი ავტორიტეტი თანამებრძოლებსა და საერთოდ, ჩვეულებრივ ადამიანებში, არ მომიპოვებია საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობით, მე ეს მოვიპოვე ბრძოლის ველზე, საომარი მოქმედებების დროს (სახსოვრად, რუსულ ტყვიებსაც, დღესდღეობით, ჩემი სხეულით დავატარებ) და ვაგრძელებ „ბრძოლის ველზე“ ჩემს საჯარო და კერძო საქმიანობაში. ჩემი გადაწყვეტილება იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნება, რის თაობაზეც გავიარე კონსულტაციები გუნდში და მიღებული იქნა გადაწყვეტილება. სკამზე გამოკიდებული რომ არა ვარ, იმაშიც გამოიხატა, რომ ჯარს, ჯარისკაცებს და ომის ვეტერანებს, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ვემსახურო, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვაკეთებდი! მნიშვნელობა არა აქვს, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელს ხელისუფლებაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობისას, მართლა პერმანენტული კონტაქტი მქონდა ნატოს, აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის ძალების და ომის ვეტერანების, ღირსეული დაფასებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიმართულებით. მათთან კონსულტაციებით, ბევრი საერთაშორისო გამოცდილება შევიძინე, რომელთა ტრანსფორმაციას და დანერგვას ჩვენს რეალობაში ვაპირებ. 2021 წელს, ბევრ საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებას წარმოგიდგენთ, რომელთა იმპლემენტაცია, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი სამხედროების და ომის ვეტერანების მდგომარეობას.

და ბოლოს, არ მინდა ბანალური და ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, არ გავიმეორებ ჩემთვის უდიდესი ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს სიტყვებს (‘’მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი” ვარ!’’), მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს სამხედროების დიდი კოჰორტას წევრი და გენერალი. ასევე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი პატივია საქართველოს პარლამენტში იყო ქართველი ხალხის წარმომადგენელი, თუმცა, ადამიანურად ჩემთვის უფრო ორგანულია ქართველ ჯარისკაცებთან და ვეტერანებთან უშუალო კონტაქტი და მუშაობა, ქვეცნობიერადაც კი!"- ნათქვამია განცხადებაში