13-01-2021
ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 11 იანვარს N2 პენიტენციურ (ქუთაისის) დაწესებულებაში მყოფ 883 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.
ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.
"რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, შეგახსენებთ, რომ სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ბახილები, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს" - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.