15-01-2021
რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე; ეს არის ის, როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტს.
მთავრობის მეთაურის თქმით, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს.
„საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის, კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული უფლებების შესრულებისა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა, ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.