გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

კახა კალაძე: დღეიდან კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა

16-01-2021

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი,  კახა კალაძე პარტიის ყტილობაზე სიტყვით გამოვიდა.

კალაძის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

"მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მინისტრებს, დეპუტატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ჩვენს ახალ წევრებს და რაც მთავარია, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ძველ და გამოცდილ თანამებრძოლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლეთ და დღესაც ვიბრძვით.

მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს, დღევანდელ ღონისძიებას დასწრებოდა, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე , არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განსხვავებულ ფორმატში გვიწევს ყრილობის ჩატარება.

ჩვენი პარტიისთვის, მისი თითოეული წევრისა და მხარდამჭერისთვის განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე.

მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ იდეის სულისჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს მოვიდა პოლიტიკაში, შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც ყველა იმედი დაკარგული ჩანდა, ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა.

ამ და შემდგომი დიდი გამარჯვებების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მას და მთლიანად ჩვენს გუნდს მესამე ვადით გამოგვიცხადა ნდობა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით, გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა და ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ ყველას დაგვანახა თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება.

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ.

რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ.

ჩვენ, განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა, გარკვეული შეცდომებიც დავუშვით და რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ის, რის გაკეთებაც ვერ შევძელით და ისიც გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენს თანაგუნდელად მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს.

მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით მიენიჭა ნდობა.

საქართველოს მოსახლეობამ ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც არაერთი სირთულის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად მოიყვანა დღევანდელ დღემდე.

მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდის თითოეულ წევრს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს.

წინ უამრავი გამოწვევაა - საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვალვა, გადარჩენა და კონტექსტი დღესაც რთულია, თუმცა დღეს, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ დ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა.

პირველ რიგში უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა, განვითარების სწორ რელსებზე.

ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალქისათვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ.

ამ საქმეებს ერთგული, ენერგიით, ენთუზიაზმით და ამ ქვეყნის მომავლის რწმენით სავსე ადამიანების ერთობა სჭირდება და მჯერა, რომ ჩვენს განახლებულ გუნდს, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს - მას რა თქმა უნდა ამის ძალა შესწევს.

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, თუმცა, თუკი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა.

ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე წარდგენას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის, პირველ რიგში ჩემი, როგორც ქალაქის მერი, როგორ ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგითი ჯარისკაცის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და გუნდის სხვა ლიდერების სახით, გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს.

თავის მხრივ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს.

ყველანი ერთად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას.

წინ დიდი გამარჯვებები გველოდება, გამარჯვებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მოიპოვებს.

წარმატებას ვუსურვებ ირაკლის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და ჩვენს ქვეყანას.

ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა კალაძემ.