გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

NDI-ის კვლევა: ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა, პანდემია კი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა

25-01-2021

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლადარჩეული
პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან.

ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

“უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სად გაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელისაწვდომ ფასად (65 პროცენტი). მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს.

“როგორც ჩანს, მთავრობის ძალისხმევამ, მოქალაქეების ინფორმირებულობა უზრუნველყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი მესიჯები გაევრცელებინა, დადებითი შედეგი გამოიღო. მომავალში, კანონმდებლები და პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით უნდა მოეკიდონ და პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ. მათ ისეთი მესიჯები უნდა შეიმუშავონ, რომლებიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ საზოგადოების ნდობას გაამყარებენ,” - განაცხადა ალან გილამმა.

მოსახლეობა პრობლემების გადაჭრას ახლადარჩეული ლიდერებისგან მოელის. უახლესი გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შეფასება გაუმჯობესდა: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა კარგად (15 პროცენტი) ან საშუალოდ (36 პროცენტი) შეაფასა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ეჭვი ეპარებათ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს (41 პროცენტი არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს), ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს (მოსახლეობის მეოთხედი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი მოქალაქეებს, ხოლო მესამედის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქტიურად ჩართავს მათ საქმიანობაში) და ეთიკურად მოიქცევა (მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხება ამ მოსაზრებას). უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და
პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო. ასე ფიქრობენ მოქალაქეები პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

“ახალი მოწვევის პარლამენტს მოსახლეობაში ნდობის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობაც ახალ პარლამენტს ეკისრება,” - განაცხადა ალან გილამმა.