გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს

25-01-2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მიმდინარე კვირაში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სხდომის დღის წესრიგი სამ ძირითად საკითხს მოიცავს, რომლებიც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას და პარლამენტის არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს შეეხება.

„პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. შესაბამისად, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის შესაძლებელია შემოტანილი იქნეს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა. ამასთანავე, აცრების გვერდითი მოვლენების ან გართულებების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას.

მეორე თემა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს შეეხება. „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა, რათა ისინი სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები რომლის მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ამავდროულად, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდებათ. ამასთან დაკავშირებით "ევროპელ სოციალისტებს" ჰქონდათ გარკვეული წინადადება, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის 15 წუთით განესაზღვროთ“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე პარლამენტის არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მიიყვანოს ვადა, რათა ოპოზიციის დეპუტაციას სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური ვადა ჰქონდეს.

„უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. საპროცედურო კომიტეტი მათ განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ წარედგინა ბიუროს რეგლამენტის თანახმად და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბრიფინგზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრეს და განცხადებები გააკეთეს.