9-02-2021
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ძეგლების (სოფელ ჩხუტუნეთის საწნახელი/მარანი, სოფელ ზენითის საწნახელი და მახოს ხიდი) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სოფელ ჩხუტუნეთის საწნახელი და მარანი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩხუტუნეთში ცხემლარას უბანში და წარმოადგენს საგვარეულოს საკუთრებას. საწნახელი და მარანი არის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი და თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით და მიუთითებს მაჭახლის ხეობაში უძველესი დროიდან მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაზე. საწნახელი საკმაოდ დაზიანებულია, შემორჩენილია დასავლეთი კედელი, ხოლო მარანს არ გააჩნია სახურავი და წვიმის წყალი უქმნის მას დანგრევის საშიშროებას.
მახოს ხიდი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში. ხიდის მშენებლობისას გამოყენებულია ადრეული შუა საუკუნეების ქვის თაღოვანი ხიდებისათვის დამახასიათებელი კონსტრუქციები და ელემენტები: კერძოდ ხიდის ბურჯები თაღოვანი ხიდების ანალოგიურია, სავალ ნაწილზე ბურჯიდან ბურჯამდე გადებული იყო10 მეტრის სიგრძის მთლიანი ტანის მქონე წაბლის ხე. მოგვიანებით ხე ჩამოუღიათ და ბურჯებზე დაუდგამთ რკინის კონსტრუქციის ხიდი.
სოფელ ზენითის მონოლითური ქვის საწნახელი, რომელიც ბერძნული ეპოქის ძეგლია ჩვენს წ.აღ.მდე III საუკუნით თარიღდება. საწნახელი ამოკვეთილია ბენებრივ დიდი ქვის ლოდზე, მისი სიგრძე-8 მეტრია, სიგანე 3 მეტრი და სიღრმე 1 მეტრი. საწნახელი ამჯამად ავარიულ მდგომარეობაშია, შუა წელში გაჩენილია ბზარი და ემუქრება დაშლის საშიშროება.