12-02-2021
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
სამართალდამცავებმა ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.