16-02-2021
"საქართველო ეუთოს ძლიერი პარტნიორია კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ასევე უსაფრთხოების დაცვის კუთხით ეუთოს 3 განზომილების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს შევხვდე სხვადასხვა წამყვან ფიგურებს, მათ შორის ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს"- ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შვედი დიპლომატის განცხადებით, საქართველომ და ეუთომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში საქართველოს მუდმივი და კონსტრუქციული მონაწილეობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.
როგორც ან ლინდემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, გზები, რითიც ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს გახლავთ ეუთოს ძირითადი პრიორიტეტი, ჩემთვის როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის."- განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს. „ეუთო დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში. ეუთო აქტიურადაა ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, წარვადგინოთ დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭირო ინსტრუმენტი და გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები."- აღნიშნა ან ლინდემ.
შვედი დიპლომატის შეფასებით, აღნიშნულ სამუშაოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ანიკა სოდერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.