20-03-2018
აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერები მოიგეს. ამათგან, ერთი ეკუთვნის პარლამენტარს, გორის მაჟორიტარ დეპუტატს იოსებ მაკრახიძეს, ხოლო მეორე კომპანია - მის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს. მეწილეები ოჯახის სხვა წევრები არიან.
ჯამში, მეუღლეების კომპანიების წყალობით, გორის მერიამ დანაზოგის სახით 156 134 ლარი მიიღო. ნინოშვილისა და სამების ქუჩების რეაბილიტაცია სულ 1 მლნ 484 773 ლარი ჯდება
ნინოშვილის ქუჩა, დოკუმენტაციის მიხედვით, 1 კმ 072 მ სიგრძისაა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტროტუარების და ცხაურების მოწყობა, ეზოებში შესასვლელებთან ასფალტის დაგება, საგზაო ნიშნების დაყენება და ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა.
ამ მასშტაბურ სამუშოებს შპს ,,შარა“ ასრულებს. მან გასამარჯვებლად 894 773 ლარი მიუთითა. 196 414 ლარით ნაკლები, ვიდრე ეს ,,სატენდერო წინადადებაში“ იყო გათვალისწინებული. მერიას ამ გზის მოასფალტების მიზნით, 1 მლნ 091 187 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ამ თანხის დაახლოებით 80% რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
"შიდა ქართლი"