9-03-2021
„საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია - რიონის აუზში „ნამახვანი ჰესი" და „ონი ჰესი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.
ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანი ჰესი" გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2000-მდე დასაქმებული ადამიანი. ამასთან, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტი, მათ შორის, ცნობილი უცხოური კონსულტანტების მიერ.
ეკონომიკის მინისტრი აქცენტს აკეთებს „ნამახვანი ჰესის" პროექტის კრიტიკის სამ ძირითად ასპექტზე, ესენია: ზოგადად ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია „არა ჰესებს," ქსენოფობიური, უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და უშუალოდ პროექტის სტრუქტურასთან დაკავშირებული კრიტიკა.
„მე მაინტერესებს აქ შეკრებილი აუდიტორიისგან, იზიარებს თუ არა ვინმე ამ სამი სეგმენტიდან პირველ ორს, ანუ ემხრობა თუ არა ვინმე ზოგად ანტიჰესების კამპანიას და იზიარებს თუ არა ვინმე ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას. თუ ამას ვინმე იზიარებს, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს" - აღნიშნა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.