21-03-2018
20 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში 14 წლის მურმან ფუტკარაძე გაუჩინარდა, ბიჭს მთელი დღეის განმავლობაში მდინარე ჩირუხისწყალში ეძებდნენ, რადგან როგორც თანატოლები ამბობენ, მურმანი მათთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ფერდობზე დაუგორდა, მის ამოსატანად ჩასული ბიჭი კი აღარავის უნახავს.
ვახტანგ ბოლქვაძე, შუბანის რწმუნებული:
- გაზაფხულის თბილი დღე იყო, სოფლის მთელი მოსახლეობა გარეთ იყო გამოსული, ბავშვებიც სათამაშოდ წავიდნენ. სწორედ ამ თამაშისას დაგორებია მურმანს ბურთი თავდაღმართზე და ისიც გაჰკიდებია, რის მერეც გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაკარგული ბიჭი 7 წლის არის, მაგრამ
ტყუილია. მურმანი 14 წლისაა.
ვარაუდობენ, რომ, ბურთი მდინარეში ჩავარდა, მურმანიც მის გამოსატანად ჩავიდა და წყალმა გაიტაცა... ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან ბიჭი ჯერ არ გვიპოვია და ღმერთმა ქნას, რომ საღსალამათი გამოჩნდეს. საქმე ისაა, რომ იმ ადგილიდან, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, მდინარე კარგა მოშორებითაა, უცნაურია, ბურთი როგორ შეიძლება ჩავარდნილიყო. თანატოლები მურმანს ელოდნენ და რომ არ დაბრუნდა, დაუწყეს ძებნა, მერე კი თავადაც რომ ვერ ნახეს, მის მშობლებს შეატყობინეს ეს ამბავი...
- ბურთი იპოვეთ?
- კი. ჩირუხისწყალი მთის მდინარეა, ამ დროს განსაკუთრებით დიდდება, მაგრამ ბურთი, ნაპირზე ტივტივებდა, იმ ადგილიდან, დაახლოებით,
100 მეტრის დაშორებით, სადაც, სავარაუდოდ, უნდა ჩავარდნილიყო; მაგრამ ბავშვი ვერ ვიპოვეთ; მაშველები მაშინვე მოვიდნენ, როგორც კი დავუკავშირდით. დღესაც მუშაობენ; მათთან ერთად ბავშვს მთელი სოფელი ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გავხდით… დანა პირს არ გვიხსნის. ბავშვის მშობლები ისეთ მდგომარეობაში არიან, მათი შეხედვაც კი განადგურებს. მამა გუშინ შვილს ჩვენთან ერთად ეძებდა, მაგრამ დღეს შინიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო...