გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქობულეთში ბავშვისთვის „ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შეთავაზების საქმეს პოლიცია იძიებს

22-03-2018

ქობულეთში მესამე კლასის მოსწავლეს ტელეფონზე ურეკავდნენ და ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპში“ ჩართვას სთავაზობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიება, სავარაუდოდ, მშობლების განცხადების საფუძველზე დაიწყო. სკოლის დირექტორი აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ მოსწავლე ორი დღეა სკოლაში არ დადის.

„მშობელმა შემოგვითვალა, რომ ბავშვი დაკითხვაზეა და ამიტომ სკოლაში ვერ ვატარებთო. რატომ არის არასრულწლოვანი დაკითხვაზე, მშობელი დაგვპირდა, პირადად აგიხსნითო“, - ამბობს დირექტორი.

დაახლოებით ორი კვირის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ განაცხადა, რომ ბოლო ერთ წელში, აჭარაში, ბავშვების მიერ სახიფათო ინტერნეტთამაშების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. „რომ არ ჩავრეულიყავით, შეიძლება იმ შედეგებამდე მივსულიყავით, რა შედეგსაც მსგავსი ტიპის თამაშები იძლევა“, - აღნიშნავდა ქარცივაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართულ ონლაინ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.

„ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ, გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

reginfo.ge