გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში" ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

15-04-2021

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის" სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის" დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა" ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის" 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად სპეციალური მმართველი არ შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მარიამ სულაბერიძის განცხადების საფუძველი. მარიამ სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში" სპეციალურ მმართველად გასული წლის 1 ოქტომბერს დანიშნა.

„კავკასუს ონლაინის" ახალი სპეციალური მმართველის პოზიცია თამარ ბოკუჩავამ დაიკავა. ბოკუჩავას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. თამარ ბოკუჩავას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (SHRM) ვოლონგონგის უნივერსიტეტში, დუბაიში. ასევე ის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების, მეცნიერების ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დოქტორანტია. თამარ ბოკუჩავას, საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2011 წლებში ის თსუ-ს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი იყო; დღემდე იგი თსუ-ს მოწვეული პედაგოგია და კითხულობს ლექციებს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს" კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა და ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

კანონის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშეა. მმართველს აქვს უფლება განახორციელოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები, ამასთან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს მმართველთან. მმართველი ასევე უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის" მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.