გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეა წულუკიანმა ქუთაისში სამი თეატრი მოინახულა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა

15-04-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან კახა სიხარულიძესთან, ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისში სამინისტროს გამგებლობაში მოქმედი სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ახლად რეაბილიტირებული ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი დაათვალიერა და თეატრის ხელმძღვანელობასა და დასის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მაისის ბოლოს თეატრის ხელმძღვანელობა სამინისტროს წარუდგენს შემოქმედებით ხედვასა და მარკეტინგულ და პიარ გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებს თეატრი, ეტაპობრივად გადავიდეს ისეთ მოდელზე, რომ საკუთარი შემოსავლებით შეძლოს კომუნალური, თუ სხვა ტექნიკური ხარჯების დაფარვა. ხოლო, სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსება თეატრის განვითარებისკენ იყოს მიმართული.

წლების განმავლობაში დანგრევის პირას მყოფი ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობას სრული რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაუტარდა, რაზეც 585 113 ლარი დაიხარჯა. განხორციელდა 150 - მდე პატარა მაყურებელზე გათვლილი დარბაზის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა გათბობა-კონდიცირებისა და განათება-გახმოვანების სისტემა, მოწესრიგდა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საგრიმიოროები, თეჯირი და ეზო. შენობა სრულად არის მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. სამინისტროს მხარდაჭერით, თეატრის საიუბილეო თარიღის ფარგლებში გამოიცა თეატრის ისტორიისა და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი კატალოგი ,,თეჯირს მიღმა 70 წელი".

ასევე, მინისტრი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ეწვია და თეატრის ხელმძღვანელობასა და დასის წევრებთან ერთად საოპერო თეატრის საკადრო, ფინანსური და ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა. შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში, თეატრის ხელმძღვანელობა შეიმუშავებს თეატრის ახალ სტრუქტურას, საკადრო რესურსის თანამედროვე რეკრუტირების გეგმასა და შენობის სრულყოფილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო, რამდენიმე წელზე გაწერილ ბიუჯეტს.

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრა და იქ დაცული უნიკალური წიგნები და კატალოგები დაათვალიერა.

შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც ქუთაისში კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ფორუმის ჩატარებისთვის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ უდიდესი კულტურის მქონე დედაქალაქში აქტიურად იყოს განვითარებული საოპერო და საბალეტო ხელოვნება და ყველა ბავშვს ჰქონდეს თეატრზე წვდომა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თეატრებმა ზაფხულის პერიოდში წარმოდგენების გასამართად, მაქსიმალურად აითვისონ ზაფხულის ყველა თვე და ღია სივრცეები. მინისტრის თქმით, მესხიშვილის თეატრმა ნოვაცია შესთავაზა ევროპას და ღია სივრცეში „მწვანე თეატრი" მოაწყო, რაც შესაძლოა, გახდეს შემოდგომაზე გასამართი ევროპული ღონისძიებების ეპიცენტრი.

თავის მხრივ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა რეგიონმა მაღალ დონეზე უმასპინძლოს ევროპულ ფორუმს.