20-04-2021
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია „ბათუმის თოქშოუ: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მწვანე ეკონომიკისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის ღონისძიებებით” (Batumi Talk Show: Scoring SDGs through action on green economy and clean air) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.
კონფერენცია UNECE-ის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ იყო ორგანიზებული.
ონლაინ კონფერენციის მიზანი 2016 წელს ბათუმში გამართული რიგით მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე „გარემო ევროპისათვის“ მიღებული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა იყო. აღნიშნულ მინისტერიალზე მიღებულ იქნა 2 მნიშვნელოვანი ინიციატივა: „ბათუმის ინიციატივა მწვანე ეკონომიკის შესახებ” (BIG-E) და „ბათუმის ქმედებები სუფთა ჰაერისთვის” (BACA). BIG-E და BACA წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ გარემოსდაცვით ინიციატივებს და მოიცავს რეგიონის ქვეყნების მიერ წარდგენილ ნებაყოფლობით ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე მწვანე ეკონომიკის განვითარების და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფისთვის.
ონლაინ კონფერენციაზე, ბათუმის მინისტერიალის ინიციატივების მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა BIG-E-ის და BACA-ს ვალდებულებების განხორციელების პროცესი განიხილეს და მათ მიერ აღებული ახალი ვალდებულებები წარმოადგინეს.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ BACA-ს 7 ნებაყოფლობითი ვალდებულების განხორციელების შესახებ და ყურადღება აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლსა და აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.
„საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს BACA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულების განხორციელების კუთხით, რომელიც მოიცავს ქმედებებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის და შეფასების სისტემის გაუმჯობესებისა და ტრანსპორტის სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი BACA-ს ახალი, მერვე ნებაყოფლობითი ვალდებულება ითვალისწინებს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ, VOC) გაფრქვევების შემცირებას ბენზინის შენახვა/დისტრიბუციისა და საღებავების მოხმარების სექტორიდან. ამასთანავე, მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველომ აიღო დამატებითი ნებაყოფლობითი ვალდებულება BIG-E-ს ფარგლებშიც, რომელიც გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას გულისხმობს მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის საშუალებით.
ონლაინ კონფერენციას უკრაინის, პორტუგალიის, ფინეთის, ბელარუსის, საქართველოსა და უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.