გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა დასრულდა

27-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონო დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.

„დღევანდელ შეხვედრაზე ბუნებრივია მთავარი განსახილველი საკითხი იყო, ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების გადაწყვეტის საკითხი.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით.

დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა.

ბუნებრივია ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს”,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრის მთავარი თემა, ასევე, ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი იყო, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის.

„საუბარი, ასევე, შეეხო ისეთ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი თითოეულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან, რაც პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან“,-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე.

IPRM-ის შემდეგი შეხვედრა ივნისში არის დაგეგმილი.