28-04-2021
რუსთავში ქარხანა "აზოტი"-ს შესასვლელთან ორი დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები ქარხანაში სატვირთო ავტომობილებსაც არ უშვებენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გაფიცულები სოციალური პირობების უკიდურესი გაუარესების გამო ხელფასის მომატებას მოითხოვენ.
ქარხნის თანამშრომლების თქმით, "აზოტი" ქიმიური ქარხანაა და რთულ პირობებში, სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მუშაობა, ხელფასი, კი, 500 ლარიდან 1000-მდე მერყეობს და მათ უჭირთ თავის გატანა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და გაორმაგებული ფასების ფონზე.
ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ შეხვდნენ აქციის წევრებს და უთხრეს, რომ ქარხანაში მხოლოდ 20 ადამიანს შეუშვებდნენ მოლაპარალებისთვის და მოლაპარაკებები მედია საშუალებების გარეშე ჩატარდებოდა, რაზეც გაფიცულებმა უარი განაცხადეს.
აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუსმენიათ ქარხნის ადმინისტრაციისგან დაპირებები, ამიტომ ისინი მოლაპარაკებების გამჭირვალობას მოითხოვენ.