29-04-2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს, ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.