გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურის სოფელ ცხრამუხაში ბიბლიოთეკა გაიხსნება

28-03-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს მზადება ოფიციალური გახსნისთვის.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მალე ახალ პროექტში ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ჩაერთვებიან. ბიბლიოთეკის ტექნიკით აღჭურვას პრეზიდენტის ფონდი, საბიბლიოთეკო ასოციაციის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

,,სოფელს შეემატება საინფორმაციო-ახალგაზრდული კულტურის კერა. მოსახლეობა მიიღებს ინოვაციურ სერვისებს და ისარგებლებს ინფორმაციის მიღების მრავალგვარი საშუალებით - ბეჭდური, პერიოდული პრესის,ელექტრონული და ასევე საჯარო ინფორმაციას. ვუსურვებ ყველა სოფელს ქონოდეს შესაძლებლობა ისარგებლოს საბიბლიოთეკო მომსახურებით" - აღნიშნავენ საბიბლიოთეკო გაერთიანებაში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია მუხასთან. სოფელში გვიჩვენებენ ადგილს, კერძოდ, დღევანდელ სასაფლაოსთან, წმ. ნინოს ეკლესიის ირგვლივ, სადაც ცხრა მუხა მდგარა და აქედან შეერქვა სოფელს სახელწოდება - ცხრამუხა.

ცხრამუხა ქართლის სააბაშიოში შედიოდა და ქვიშხეთელი აბაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. შემდეგ იგი ამილახორების ხელშია. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც ცხრამუხაა მოხსენიებული, 1771 წლის 17 იანვრით თარიღდება. ეს დოკუმენტი არის განჩინება რევაზ ამილახორსა და ნიკოლოზ აბაშიძეს შორის მამულის საქმეზე.

ერეკლე II-ის იმავე წლის 20 იანვრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ცხრამუხა ამილახორს დარჩა.

„ჩვენი ბძანება არის, ციციშვილო პაატავ, ამილახორს რადგანაც სამართლით ცხრამუხა სოფელი დარჩა, მიდი და ხელი აუმართე და რაგვარადაც განაჩენი აცხადებს, იმგვარად მიაბარე. განაჩენშიაც ასეა გამოცხადებული, როგორც ვახუშტი აბაშიძის დროს ყოფილა ის სოფელი, ისეთი უნდა მიებაროს და თუ იქაური გლეხი სხვაგან ესახლოს სადმე, აუყარე და მოაბარე.“

ცხრამუხაც არაერთხელ გამხდარა ლეკთა თავდასხმის ობიექტი. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც გრძელდებოდა მათი თავდასხმები. აბაშიძეების ერთ-ერთ დოკუმენში ნათქვამია, რომ 1808 წელს

„...სოფელსა ცხრამუხიდამ დაგვეკარგა ყმა ორმოცდაცამეტი სულ. ლეკებმა წაიყვანეს ახალციხეს და აგრეთვე 1809 წელს დაიკარგა ცხრამუხიდამ ოცი კაცი, ლეკებმა წაიყვანეს ახალციხეს.“

"შიდა ქართლი"