1-06-2021
ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი" მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
მისი თქმით, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისა და ბარგის კონტროლის პროცედურები.
„სიმბოლურია, რომ სწორედ,სახმელეთო საზღვრის გახსნასთან ერთად, მებაჟე ოფიცრები შემოსულ მგზავრებს ახალი სამსახურებრივი ფორმებით ხვდებიან. შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული ახალი უნიფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.