გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ორაკლი ღარიბაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

7-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ლატვიის ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის დასტურია.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. ყურადღება დაეთმო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. აღინიშნა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის აუცილებლობა.

შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ამ პროცესში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რაც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის ლატვიას მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. აღინიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში, რაც მას არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინგრიდა ლევრენცე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს მეორე მდივანი ასპარს მეკონსი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე ესწრებოდნენ.