7-06-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს ანიკა სოდერსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გართულებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს, ასევე საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგებს. პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან და მაქსიმალურად ჩაერთონ ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად და უპირობოდ გათავისუფლებისთვის.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა - ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავაც ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართულებით და ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპული პოზიცია.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და ეფექტური კონტროლის განხორციელება.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ინკლუზიური ჩართულობის გზით შეიმუშაოს ერთიანი ეროვნული მიდგომა და ყოვლის მომცველი სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს მათი აქტიური ძალისხმევისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის.