25-06-2021
24-25 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის გლოლისა და პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქალთა ეკონომიური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ლობჯანიძემ და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა გობეჯიშვილმა ისაუბრეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში არსებული კონკურსის ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა შესახებ, რომელიც ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსისა და სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ბიზნეს იდეების შესარჩევად და დასაფინანსებლად დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, პროექტით გათვალისწინებულია, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული და მცხოვრები, 18 წელს მიღწეული ქალების განაცხადების წარდგენა, ექსპერტების მიერ საუკეთესო იდეების შერჩევა და ბიზნეს გეგმის შესადგენად ტრენინგების ჩატარება, რის შემდეგაც, პოტენციურ ბენეფიციარებთან საველე მონიტორინგი განხორციელდება. საბოლოოდ კი, დაფინანსდება პროექტის თანამშრომლებითა და შეფასების კომისიის წევრებით დაკომლექტებული ჯგუფის მიერ შერჩეული მინიმუმ 10 ქალი, რომლებიც პროექტის საკონკურსო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.