გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იოსებ არჩვაძე: პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ჩანდა ხელისუფლების ობიექტურ რეალობაზე, არსებული რესურსების შეფასებასა და მათი გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე დამყარებული გრძელვადიანი ხედვა

25-06-2021

„საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენა გარკვეულწილად მისი თანამდებობაზე ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობასაც ეხება და ჩვენი ქვეყნის უახლოეს წლებში განვითარების ძირითადი მიმართულებების სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციაცაა. პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ჩანდა ხელისუფლების ობიექტურ რეალობაზე, არსებული რესურსების შეფასებასა და მათი გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე დამყარებული გრძელვადიანი ხედვა,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.

Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძემ დეტალურად მიმოიხილა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ექსპერტის თქმით, მყარი ობიექტური საფუძველი აქვს უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკის, ექსპორტის, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდას.

„უკვე 2030 წლისთვის საქართველოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე გაიზრდება 2.5-ჯერ (აშშ დოლარებში), რითაც მყიდველებითი უნარიანობის მიხედვით ამჟამად 40-45 ადგილებზე მყოფი ქვეყნების დონეს მიაღწევს. ტურიზმი, დაძლევს რა პანდემიით მიყენებულ უმძიმეს დარტყმას, 2030 წლისთვის პანდემიამდელ დონეს 2-ჯერ და მეტად გადააჭარბებს - როგორც ტურისტთა რაოდენობით, ისე მიღებული შემოსავლებით; იმავე პერიოდისათვის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება 3-ჯერ და მეტად. ადგილობრივი ხორცის წარმოება გაორმაგდება, ხოლო რძით ქვეყნის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 108 პროცენტს მიაღწევს. ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს სამუშაო ადგილებისა და დასაქმების ზრდაში, უმუშევრობის დონე შემცირდება 2-ჯერ და მეტად და დაახლოებით 9 პროცენტი იქნება, ანუ მაქსიმალურად მიუახლოვდება ბოლო პერიოდში ევროკავშირში არსებულ დონეს (8.0-8.2%). უფრო ადრე, უკვე 2025 წლისთვის, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ურბანული დასახლების უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება. ახალ იმპულსს შეიძენს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, მათ შორის მაღალტექნოლოგიური, მეცნიერულტევადი დარგების სწრაფი ზრდის, გაღრმავებული საერთაორისო თანამშრომლობისა და კოოპერირების საფუძველზე, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

„იმ რეფორმების საფუძველზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს და რომლებიც მაღალ შეფასებებს ღებულობდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ, მოხერხდა ის, რომ საქართველომ, ერთერთმა პირველმა სახელმწიფომ მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან მიიღო ფინანსური ინსტიტუტებიდან დაფინანსება 2.1 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობით. ამან დიდწილად უზრუნველყო პანდემიის ყველაზე რთულ პირობებშიც კი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის უწყვეტობა, ეკონომიკისა და ბიზნეს-სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში კი არ შემცირდა, არამედ გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და წარმოების მოცულობა; არ შეჩერებულა ეკონომიკის პრაქტიკულად არც ერთი დარგის ფუნციონირება. პარალელურად მიმდინარეობდა მოსახლეობისათვის დახმარებები მონეტარული, ფისკალური და სუბსიდირების ფორმებით. გრძელდებოდა განსახელმწიფოებრიობის პროცესი, რის შედეგად კერძო სექტორს გადაეცა 161 ობიექტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 160 მილიონი ლარის შემოსავალი. გარკვეულწილად, სიმბოლურია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებაში კრიზისის რეალური დაძლევა და ეკონომიკური ზეასვლა დროში - 2021 წლის თებერვლიდან - ემთხვევა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის განახლებას: თუ 2021 წლის თებერვალში ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.1 პროცენტით, მარტში ადგილი ჰქონდა უკვე 4.0-პროცენტიან ზრდას, აპრილში - რეკორდულ 44.8-პროცენტიან ზრდას, ხოლო მაისში, წინასწარი შეფასებით, ადგილი ექნება ეკონომიკის ასევე მაღალ, ორნიშნა სოლიდურ ზრდას. ყველა მაკროეკონომიკური ინდიკატორი იძლევა მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკის განვითარებაში უზრუნველყოფილია მყარი გარდატეხა პოზიტიური ზრდისა და განვითარების მიმართულებით; საზოგადოებაში დაგროვილია საკმაოდ დიდი პოზიტიური კუმულტიური მუხტი, რომელიც უახლოეს წლებში უზრუნველყოფს საქართველოს მდგრად და დინამიურ განვითარებას და ამ მაჩვენებლით ლიდერის პოზიციის დამკვიდრებას და გამყარებას რეგიონულ დონეზე,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.