26-06-2021
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბატონი გახელაძე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს თავის ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამის თაობაზე ხელისუფლებას აქვს ინტენსიური მოლაპარაკებები და ჩართულია ყველა საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე იქნას გათავისუფლებული გახელაძე და ბებუა.
„ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე, ყველა საუბარში ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები და აბსოლუტურად ყველა საშუალება გვაქვს ჩართული, რომ რაც შეიძლება მალე იქნას გამოშვებული ბატონი გახელაძე და ბატონი ბებუა.
იუსტიციის სამინისტრომ, რუსეთის ფედერაციის წინაამდეგ, ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. გარდა ამისა, საჩივარი ფარავს განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში მომხდარ ყველა ინცინდენტს, შესაბამისად, გახელაძის ინცინდენტიც მოექცა საჩივრის ფარგლებში. სასამართლომ ამ საქმის განხილვა 2021 წლის 11 ივნისს განაახლა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმეც ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც 2008 წლის ომის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავასრულეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.