საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში მდებარე 60 კვ.მ ფართობის ბინა 1 ლარის საფასურად გადაეცა ერედვის გამგებლის ოთარ ცოტნიაშვილის ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსგან ბინის გადაცემამდე ერედვის გამგებელს უკვე ჰქონდა საკუთარი ბინა, - 2015 წლის 3 დეკემბერს მან 50 000 აშშ დოლარად იყიდა ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №6-ში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც 109 კვ.მ-ია.
ოთარ ცოტნიაშვილი ერედვის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ამჟამად მისი ხელფასის ოდენობა თვეში 2950 ლარია. ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ოთარ ცოტნიაშვილის წლიური ხელფასი 2016 წელს 37 100 ლარი იყო, 2017 წელს კი 35 725 ლარი.
საჯარო სექტორშია დასაქმებული ერედვის გამგებლის მეუღლე მარინა ქრისტესიაშვილიც, - იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობს. მისი წლიური ანაზღაურება 21 955 ლარს შეადგენს.