გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი რეგიონებშიც იმუშავებს

14-07-2021

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თბილისის შემდეგ რეგიონებშიც იმუშავებს. ცენტრის ოფისი იუსტიციის მინისტრმა დღეს ქუთაისში გახსნა. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდა. რეფერირების ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქცია კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებთან მუშაობა, მათი რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენციაა, დღემდე მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა. ქუთაისის შემდეგ ოფისის გახსნა ბათუმშიც იგეგმება.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისების ამოქმედება აქ მცხოვრები რთული ქცევის ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დაძლიონ ქცევითი სირთულეები და შემდგომში თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ის არასრულწლოვნები არიან, რომელთაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი –14 წელი, ჯერ არ შესრულებიათ. ცენტრში მიმართვის შემდეგ სხვადასხვა სპეციალისტისაგან შემდგარი ჯგუფები აფასებენ ბავშვის ქცევას და ადგენენ მისი სოციალიზაციის ინდივიდუალურ პროგრამას – რთავენ არასრულწლოვანს სპეციალურად მისთვის შემუშავებულ სხვადასხვა აქტივობაში და აწვდიან მას საჭირო მომსახურებას. რეგიონებში ასეთი სერვისის ხელმისაწვდომობა უფრო მეტ არასრულწლოვანს დაეხმარება რეაბილიტაციასა და არსებული პრობლემების დაძლევაში.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თბილისში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მისი მომსახურებით 105-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. დღეიდან რეფერირების ცენტრის სერვისებს არასრულწლოვნები ქუთაისში, სულ მალე კი, ბათუმშიც მიიღებენ.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.