გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

28-07-2021

ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

დაცული ტერიტორიების მსოფლიო აღიარების მოპოვების აღსანიშნავად, ღონისძიება კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვულოცავ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს. პირველად საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, ქართული ბუნების უნიკალური ნაწილი, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები" UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს თითოეულ ჩვენგანს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, რაც საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს… ბუნების შენარჩუნება, ბუნების დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა და ამავე დროს სწორად განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დასახელება, უმნიშვნელოვანესი ფაქტია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. აღნიშნული ტერიტორიები წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და ბიომრავალფეროვნებით.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა, რაც გულისხმობს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის შესაბამისი პროცედურული სამუშაოები 2017 წელს დაიწყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), გერმანიის მთავრობისა და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური, ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით. 2019 წელს კი, შერჩეული ტერიტორიების ნომინაციაზე ,,კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები” წარდგენა მოხდა.