11-04-2018
ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - სხდომაზე ერთმანეთს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა დაუპირისპირდნენ. კამათი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების განხილვას მოჰყვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს, რასაც მერია არ დაეთანხმა და ოპოზიციის გამოსვლას დემაგოგია უწოდებს.
სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთში განიმუხტა.
„საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის პროგრამები , რომლითაც სარგებლობენ ზუგდიდელები გაანახევროს, კონკრეტულად პირველი და მეორე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებსაც ერთჯერად დახმარებას აძლევდა მუნიციპალიტეტი 200 ლარის ოდენობით, მომავალი თვიდან იქნება 100 ლარი“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ანა წითლიძე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი აცხადებს, რომ ბიუჯეტი იგივე დარჩა და ბენეფიციართა რაოდენობაც გაიზარდა.
„ბიუჯეტი არ შემცირებულა იგივე დარჩა რაც გვქონდა. პირიქით, გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა. თუ ადრე დაფინანსებით სარგებლობდა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის ბენეფიციარები დღეს ამ დახმარებით ისარგებლებენ უშაქრო დიაბეტის მქონე ბენეფიციარებიც“- ამბობს ბესიკ ჭეჟია.