6-08-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ქურციკის რეინტროდუციის პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით, 2022 წლის 1-ელ მარტამდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქურციკის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.
2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვის შესრულებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.