11-08-2021
მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ „ქართული ოცნება" პასუხისმგებლიანი პარტიაა და არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რითაც საფრთხეში ჩააგდებს სახელმწიფოს და მოსახლეობას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება პროგნოზირებადი გახადა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს სტაბილურობის განცდა და პროგნოზირებადი მომავალი სჭირდება.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ერთგული წევრები. თქვენი დახმარებით, გვერდში დგომით ქართულმა ოცნებამ ბოლო შვიდ არჩევნებში ღირსეული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და ერთგულება, ეს გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ და ჩვენმა დიდმა ოჯახმა, „ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად ვიცით ერთგულების ფასი. ბევრი გულის ტკენაც იყო, ბევრი შეცდომა იყო, ბევრი მოღალატე იყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი, „ქართული ოცნება", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ყოველთვის გავიმეორებ ამას, ვინაიდან ეს არის სიმართლე-ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველა წინსვლის და განვითარების. ჩვენ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სიტყვა „პროგნოზირებადი" არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადვილად გასაგები, აღქმადი ყველა მოქალაქისთვის, იქნება ეს ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი, მეწარმე, ფერმერი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილურობის განცდა. მას სჭირდება პროგნოზირებადი მომავალი. აი, სწორედ ეს პროგნოზირებადი მომავალი გარანტირებული გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენი პარტია, ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი პარტია და ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რითაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. შეცდომები არ გვაქვს? რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ეს შეცდომა არის გამოსწორებადი. ახლა ჩვენ სრული მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ძალიან ღირსეულად, ძლიერად გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ჩვენ უნდა ჩავიდეთ. მერი უნდა ჩავიდეს ყველა სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს, მოსახლეობას ელაპარაკოს და ადგილზე გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა. მეგობრებო, მოსახლეობას სჭირდება ზრუნვა, ყურადღება, ჩემი დავალება თითოეული მერისადმი იქნება, რომ სწორედ მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ ჩვენს მოქალაქეებზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.