11-08-2021
მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ქვეყანა ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს.
„ახლა რაც შეეხება პანდემიას, მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა თუ სად ვიყავით, სად ვართ და ჩვენი პროგნოზით სად ვიქნებით მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ პანდემია არის მსოფლიო მოვლენა, ეს ხდება ყველგან, მთელ მსოფლიოში, ეს იყო მოულოდნელი ჭირი, რომ იტყვიან, გამოწვევა მთელი მსოფლიოსი, რამაც დაანგრია, შეაჩერა, გააჩერა მთელი მსოფლიო. ჩვენ, რა თქმა უნდა როგორც მთელი მსოფლიო, გასულ წელს შევხვდით მოუმზადებლები, არ ვიცოდით, თუ რასთან გვქონდა საქმე. ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ. 5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ყველაფერი, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ა.შ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. 45% იანი ზრდა გვქონდა აპრილის თვეში, მაისის თვეში 25%-იანი, ივნისში 18%-იანი. 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში, ორნიშნა ზრდა ჩვენ არ გვქონია 2006 წლის შემდეგ. მეგობრებო, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის შედეგი რა არის- ამის შედეგი არის ის, რომ მაგალითად ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ და შევიტანეთ პარლამენტში, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ ბიუჯეტს. 600 მილიონი მივეცით ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და რომელიც საჭიროებდა ამ თანხას. სხვა თანხები გავუშვით ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, წარმოებაში და მოქალაქეების, მაგალითად ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებაში. დღეს გადავხედოთ ტურისტულ ადგილებს. ყველა ტურისტული ადგილი აბსოლუტურად გადაჭედილია. ტურისტებით სავსე, იგივე ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს, ყველა ოჯახს მეტ-ნაკლებად. ამ ყველაფერს სჭირდება მეგობრებო, შენარჩუნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.