11-08-2021
ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი - იქნება ეს რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად გახდება ძლიერი ევროპული ქვეყანა.
„ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი - იქნება ეს რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ 175 ახალი სკოლა. მე ახლახანს დავბრუნდი წალკის მუნიციპალიტეტიდან სადაც გავხსენით ახალი სკოლა. ეს არის მართლაც ევროპული სტანდარტის სკოლა. ჩემი დავალებით განათლების მინისტრმა მოამზადა განვითარების 10 წლიანი გეგმა. ჩვენ ყველა სამინისტროს გავაკეთებინეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები და ზუსტად ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს თითოეული სფერო, თითოეული მიმართულება სექტორების მიხედვით გვაქვს მკაფიო ხედვა და ერთგვარი საგზაო რუკა, მოქმედების გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად შეგვიძლია გავხადოთ ძლიერი ევროპული ქვეყანა. ამისთვის საჭიროა თავდაუზოგავი, შრომა, შრომა და შრომა. საქმე, მუშაობა გვჭირდება, უამრავი საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი - ამაზე ვსაუბრობდით მე და ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მიდიოდა ნგრევა, რა თქმა უნდა ცალკეული ფრაგმენტული გამოვლინებები არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მეგობრებო. დამთავრდა დრო ფრაგმენტული განვითარებების. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი, მასშტაბური, კომპლექსური მიდგომები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.