გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კუჭავა გონიოში: ამ მხარეს კიდევ ძალიან ბევრი სიმდიდრე გააჩნია

17-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ისტორიულ ადგილას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში.


გონიოს ულამაზესი ციხე სიმბოლურია- სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ეს ადგილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, დასაყრდენს წარმოადგენდა. დღესაც ასეთებად ვრჩებით და არა მხოლოდ ამ რეგიონში.


ეს არის ბრწყინვალე სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მათი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. ციხე დღესაც ძალიან ძლიერად დგას და ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.


როდესაც ვსაუბრობთ ამ რეგიონზე, პირველ რიგში, თვალს ხვდება ულამაზესი ბუნება ზღვის პირას, მთები, გამწვანება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ წარმოადგენს ულამაზეს ადგილს და გამოირჩევა კიდეც ტურისტების უხვი რაოდენობით. ამ მხარეს კიდევ ძალიან ბევრი სიმდიდრე გააჩნია. პირველ რიგში ეს არის მოსახლეობა, მრავალეთნიკური, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, შრომობენ და ქმნიან სარგებელს თავიანთი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის.


შეიქმნა სპეციალური სამეწარმეო ზონა, განხორციელდა არაერთი ინვესტიცია და გაცილებით მეტია დაგეგმილი.


გარემოზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება არ ვახსენოთ არაჩვეულებრივი ხეობები, ჩანჩქერები, სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აღვნიშნავ მაჭახელას ხეობას, რომელზეც მიდის მუშაობა იმისათვის, რომ ძალიან მალე დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, თუ რამდენად გაიზრდება ტურისტების ნაკადი.


იქმნება სპეციალური ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ჩვენ შევძლებთ მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის, ამ მხარის სიმდიდრის წარმოჩენას ყველასთვის - იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ტურისტი.


ადგილობრივები ცნობილები არიან თუნდაც კაჟ-ჩახმახიანი თოფების კეთებით და ამით განთქმულები იყვნენ საქართველოში. ასევე ბევრია სხვა ხელობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა- ზუსტად ეს არის სიმდიდრე. ამ ოჯახებს, ახალგაზრდობას უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ.


ეს არის ის მოლოდინი, რომელიც მერობის კანდიდატისგან გვაქვს. ჩვენ მის გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ისე როგორც მე, მთლიანად ჩვენს გუნდს, მოსახლეობას, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი მერი, საკრებულოს წევრები უზრუნველყოფენ ადგილობრივების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ოთხი წლის შემდეგ, ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ეს მუნიციპალიტეტი მიაღწევს" - განაცხადა კუჭავამ.