გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, ყველა შესაბამისი რესურსი მობილიზებულია

21-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ქალაქ თელავში, საკოორდინაციო შტაბში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.


მინისტრის მოადგილე მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.


„წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულად უხვია და 300 ათასამდე ტონას აღწევს.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უაროფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რთველის პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვაზე. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.


აღინიშნა, რომ სრულ ტექნიკურ მზადყოფნაშია რთველის აღრიცხვის ონლაინ-პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს და უზრუნველყოფს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.


რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით შეუდგა.


ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.