26-08-2021
არ დავმალავ ჩემს გაოცებას, ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, ადამიანი მხარს უჭერდეს „ნაცმოძრაობას" და სააკაშვილს, კაცს, რომელმაც თავისი სისულელეებით დაგვაკარგინა 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ახალგაზრდები პირდაპირ ქუჩაში ჩახოცა და ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ, მათ შორის აქ, სამეგრელოს ტყეებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი და ე.წ კასრების საქმე გაიხსენა.
„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე გამოვიძიეთ და გავხსენით - ე.წ. კასრების საქმე. როგორ ექცეოდნენ, როგორი სიძულვილით და აგრესიით უნდა იყო აღვსილი, რომ ასე ექცეოდე საკუთარ თანამოქალაქეს, უდანაშაულო ადამიანს. დამნაშავეც რომ იყოს, როგორ შეიძლება, ასე მოექცე. ამას მხოლოდ ნეოფაშისტები და ტერორისტები თუ სჩადიან ადამიანების წინააღმდეგ. როგორი კაცთმოძულე უნდა იყოს ადამიანი, რომ მსგავსი არნახული, ენით აუწერელი სიბინძურე და სისაძაგლე ჩაიდინოს. ამ ხელწერის, ასეთი საქმეების მემკვიდრეებს, როგორ შეიძლება, ადამიანმა მხარი დაუჭიროს. მესმის, შეიძლება განაწყენებული იყოს, რაღაც პროტესტის გრძნობა გააჩნდეს, რაღაც არ მოსწონდეს „ქართულ ოცნებაში". რა თქმა უნდა, ჩვენ უშეცდომონი არ ვართ, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. შეცდომებიც ბევრი მოგვივიდა, მაგრამ ამ შეცდომებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. მეც ბევრი რამ არ მომწონდა და არ მომწონს. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ განვითარების ტემპები და პროგრესი შევიტანოთ ყველა ქალაქსა დაა მუნიციპალიტეტში. ხომ არ შეიძლება, ისევ ის განსაცდელი დაუბრუნო მოსახლეობას, რაც, უფლის წყალობით, მშვიდობით გავიარეთ და ვნახეთ. თუმცა, რა მშვიდობაზე ვსაუბრობთ საერთოდ. კაცმა ომის დროს აჩვენა ყველაზე დიდი სირცხვილი და მიწაზე ფორთხვით აჩვენა საკუთარი სახე - ლაჩრობის უმაღლესი მწვერვალი, მაშინ, როდესაც მოითხოვდა და დღესაც მოითხოვს ადამიანებისგან თავგანწირვას, ეს არის პირდაპირ ტერორიზმის და ფაშიზმის წახალისება, ეს არის ნეოფაშიზმი, სხვა არაფერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აუცილებელია მოსახლეობისთვის ამის შეხსენება, რადგან შეცდომების გამეორების უფლება აღარ გვაქვს.
„ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. გავიზარდეთ, წინ მივდივართ, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა, თანამედროვე დემოკრატია, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ უფრო ძლიერი ტემპები და ეფექტიანად და ძლიერად მართვა. ყველაზე რთულია დემოკრატიულად მართვა. რა უნდა დიქტატურას და ავტორიტარულ რეჟიმს. ძალიან მარტივია, როცა ადამიანი და ხელისუფლება მართავს ძალადობის გზით, მაგრამ ეს ხომ არის უტოპია. ქართველი ხალხი ამას არასოდეს მოითმენს. ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე, ღირსებისმოყვარე, ძლიერი და გაუტეხელი ხალხი. როგორ შეიძლება, ასეთ მეთოდებით მოინდომო შენი ქვეყნისა და ხალხის მართვა. ესეც ვნახეთ, რომ ეს იყო წარუმატებელი პროექტი. ეს იყო კლასიკური მაფიოზური სახელმწიფო, როცა 4 და 5 კაცი წყვეტდა ყველაფერს - ნებისმიერი ადამიანის გაკულაკებას, ქონების კონფისკაციას, ოჯახების დანგრევას, ბიზნესის ჩამორთმევას. წალენჯიხაში რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მიამბო კონკრეტული ისტორია, როგორ ჩამოართვეს ბიზნესი, სახლ-კარი, ყველაფერი და გააუბედურეს, ოჯახი დაუქციეს. ასე, რომ მეგობრებო, მე ვიცი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საღად უყურებს ყველაფერს და სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებს და მიიღებს ყოველთვის, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება. ჩვენზე არის დამოკიდებული, ჩვენს ხელისუფლებაზე, მმართველებზე, რომლებიც დღეს ვართ ხელისუფლებაში, თუ როგორი ეფექტურებიც ვიქნებით, როგორ საქმეს და შედეგს დავდებთ, ისეთივე იქნება დაფასება მოსახლეობისგან, მე ყოველთვის ვამბობ ამას, რომ მოსახლეობა ყოველთვის კარგად ხედავს გაკეთებულ საქმეს და გაუკეთებელ საქმესაც და სწორ ანალიზს, სწორ დიაგნოზს სვამს ყოველთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლაც უნიკალური ხალხი", - განაცხადა პრემიერმა.