27-08-2021
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით სენაკელებო. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს. ნურავინ ნუ მიწყენს, მივესალმები სენაკელ კუჭავებს, რომლებიც განსაკუთრებულად ბევრია ამ მუნიციპალიტეტში.
მინდა გავიხსენო საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა, რომელიც ზუსტად ამ კუთხიდანაა. ეროვნული გმირი, რომელიც არის სიმბოლო თავდადების, ხალხზე ზრუნვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის, რომელმაც თავი შესწირა იმ ღირებულებებს, იმ მიზანს, რასაც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ყველა ქართველი გმირი. იგი არის ბრწყინვალე მაგალითი როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე.
დღეს ვიმყოფებით ამ ულამაზეს ადგილას ნოქალაქევში. იგი 2 000 წელი ემსახურებოდა საქართველოს, იყო სიძლიერის სიმბოლო და ასეთად დარჩება საუკუნეების მანძილზე. სიძლიერე, რომელიც ძალიან გვჭირდება დღეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას და ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები.
ეს არის მთავარი მიზანი რომ განვახორციელოთ როგორც გრძელვადიანი გეგმები, ისე კონკრეტულად რეგიონების განვითარებაზე მორგებული კონკრეტული პროექტები. აუცილებელია, დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ.
არ შეიძლება არ ვახსენოთ პანდემია - იგი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად მსოფლიოს გამოწვევა. ჩვენ ვალდებულები ვართ წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში, დავიცვათ რეკომენდაციები და ავიცრათ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საბოლოოდ დავძლიოთ პანდემია.
როდესაც განვითარებას ვახსენებთ, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმ პროექტებზე, სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არსებობს. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურის პროექტები ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში" და სხვადასხვა შესაძლებლობები, რასაც ხელისუფლება ქმნის იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მეტი ჩართულობა იყოს.
უფრო განვითარდეს აგრო და ეკო ტურიზმი. ჩვენ უნდა შევძლოთ შევქმნათ ღირებულებითი ქსელი, რომელიც არა მხოლოდ ერთ ან ორ კონკრეტულ ლოკაციას და ატრაქციას შექმნის, არამედ შექმნის შესაძლებლობის იმ წრეს, რომელშიც სრულიად მოიცავს როგორც ახალგაზრდებს ,ასევე ყველა ასაკის წარმომადგენელს, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს და ასეთები ამ რეგიონშიც ბევრი არიან. მე ვიცი, რომ ჩვენ წარმტებას აუცილებლად მივაღწევთ.
როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადგილობრივ თვითმართველობაზე, კანდიდატზე და იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილია.
ვახტანგი, გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ჟინით, შრომისუნარიანობით და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტი მიაღწევს მისი ხელმძღვანელობით.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია წარმომადგენლობა საკრებულოში. მერს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელსაც მხარს უნდა უმაგრებდეს საკრებულო უმრავლესობის სახით, რათა ყველა გადაწყვეტილება, ყველა პროექტი თუ ძირითადი მიმართულებები შესრულდეს ადგილობრივ დონეზე. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ უალტერნატივო ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში აჩვენა განვითარება, სტაბილურობა და ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ" - განაცხადა კუჭავამ.