27-08-2021
90-იანი წლები გვახსენებს ასევე იმას, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას, საუბედუროდ, ანალოგიური გაგრძელდა 21-ე საუკუნეშიც, ჩვენ ვიხილეთ უდიდესი სირცხვილი, როცა იმდროინდელმა ხელისუფალმა და მმართველმა ჩვენს მოსახლეობას ვერ აარიდა დიდი უბედურება, ნგრევა, ომი და ტერიტორიების დროებით ოკუპაცია - კოდორის ხეობის მოღალატეობრივად ჩაბარება, ასობით სოფლის ასევე ჩაბარება და ათასობით ადამიანის დევნილობაში გადმოხვეწა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველის პასუხისმგებლობაა, ხალხი გაიყვანოს სამშვიდობოს.
„ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ქვების გროვას ცხინვალს და იმ სოფლებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ. კაცი, რომელიც თავისი უგუნურებით დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს უბრალოდ ქვების გროვას, რა ჰქვია ამ კაცს, თუ არა მოღალატე. როგორ შეიძლება, ამბიცია და სურვილი მას, რა თქმა უნდა, აქვს, რადგან სხვანაირად არ ძალუძს, მისი მთავრი ამოცანა და მოტივაცია არის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს და ასეთი ადამიანის პარტიას დღეს კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს. შეიძლება, ვიღაც იყოს განაწყენებული, ჰქონდეს საპროტესტო განწყობა, შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს და ბევრი რამ არ მოსწონდეს. ბევრი რამ მეც არ მომწონს, თქვენც არ მოგწონთ, ყველას გვაქვს კრიტიკული აზრი, მაგრამ ჩვენ ხომ საერთო სურათს უნდა ვუყუროთ, საით მიდის ქვეყანა, რას ვაკეთებთ, როგორ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს და რას გვინდა, მივაღწიოთ. ერთ დღეში რომ არ აშენებულა ქალაქი, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ოპონენტები ხშირად ცინიკურად გვახსენებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ" დაანგრია ქვეყანა, თითქოს ყველაფერი აწყობილი იყო, ქარხნები, ფაბრიკები, თითქოს აშენებული იყო და ჩვენ მოვედით და დავანგრიეთ. მათი ოჯახის, მათ შორის ბევრის შემთხვევაში და მათი პოლიტიკური გუნდის წევრების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის მძიმე წარსული, რომელიც 90-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ხალხმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა, ქონება, სახლ-კარი, ყველაფერი, დაინგრა, მოისპო საათივით აწყობილი სისტემა. ამას, რა თქმა უნდა, შენარჩუნება სჭირდებოდა, მშვიდად, მტკიცედ და გონივრულად. ეს ვერ შევძელით ჩვენ, ეს შეძლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სხვებმა, სადაც პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კეთილგონიერება აღმოაჩნდათ. ხალხი ირჩევს ლიდერს და მმართველს, მმართველის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ხალხი გაიყვანოს სამშვიდობოს, მოსახლეობას არ ეძლევა პირდაპირი მმართველობის ბერკეტები და საშუალება, რომ თავად მართოს, ამიტომ, მმართველზე და ხელისუფლებაზე არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომ სწორად მართოს ქვეყანა, სწორი გზით წაიყვანოს სიტუაცია ზოგადად, ქვეყნის განვითარება და რაც მთავარია, ხელისუფალის ერთ-ერთი პირველი, უპირველესი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის საკუთარი ტერიტორიების დაცვა, საკუთარი ხალხის დაცვა მომხდური მტრისგან. როცა ამას ვერ ახერხებს ხელისუფლება და როცა თავისი უგუნურებით და გაუთვლელობით თავიდან ვერ არიდებს ამ უმძიმეს პროვოკაციას, ამ ადამიანს არ აქვს უბრალოდ არც მორალური და არც არანაირი უფლება, რომ არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იფიქროს და ილაპარაკოს, არამედ მას და მის გუნდს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკაში დარჩეს. აი, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ. აი ასეთი კრიტიკული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, რომ არავის აღარასოდეს აღარ მივცეთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის უფლება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.