27-08-2021
როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ქვეყნის მტრობაა.
„ჩვენმა წინაპრებმა გმირობით, თავგანწირვით და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა, ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი მოვიდა დღევანდელობამდე და მოიტანა ის მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და მთავარი - ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი და ყველა ის ფასეულობა ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს იდენტობას გამოკვეთავს და ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. როცა ამას მიზანმიმართულად ებრძვი, როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მეგობრებო, მაგრამ რა თქმა უნდა მიუხედავად ყველა იმ სიბინძურისა, ყველა იმ ბინძური ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც მათ აწარმოეს, სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, გვარამიას მეთაურობით ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის დასრულდება კატასტროფულად კრახით, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.