1-09-2021
მმართველი პარტიის ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე დაბის მოსახლეობას შეხვდა.
„მორიგი შეხვედრა დაბა ხულოს მოსახლეობასთან გავმართე. შეხვედრაზე მათი საჭიროებები მოვისმინე და სამომავლოდ დაბაში განსახორციელებელი პროექტები გავაცანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ.
მიმდინარე წელს, დაბა ხულოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. უკვე დასასრულს უახლოვდება ხულო-თაგოს საბაგირო გზის, დაბის სადგურის რეაბილიტაცია.
აქტიურად მიმდინარეობს დავით მამულაძის ქუჩის რეაბილიტაციაც.
ასევე, I ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ხიმშიაშვილის, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზეც, რაც ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის II ეტაპის გაგრძელება 2022 წელსაა დაგეგმილი.
დაბაში, მიმდინარე წელსვე დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა შენობა-ნაგებობების გარე ფასადების კეთილმოწყობა.
2022 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ხულოში, ასევე, დაგეგმილია სახელოვნებო სკოლის და სპორტკომპლექსის მშენებლობა“ - განაცხადა ბერიძემ.