ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
1-09-2021
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უწყვეტი მუშაობის შედეგად ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
სოფელ ქვაბისხევში ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევდათ.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. ვერტმფრენმა დღის განმავლობაში ხანძრის კერებზე წყლის 18 დასხმა განახორციელა და ქრობის სამუშაოები მნიშვნელოვნად დააჩქარა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.