1-09-2021
ხშირად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვახსენებთ ჩვენს ოპონენტებს; სამწუხაროდ, სირცხვილია, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა", ძალა, რომელიც იყო გამორჩეულად მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა, ასობით და ათასობით ადამიანი გაანადგურა, დევნილად აქცია და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ეს ძალა ჯერ კიდევ ძალადობს და ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ დავუშვებთ ამას, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას. მე მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, რომ დაანგრიოს და დაკარგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა, ყველას მოგიწოდოთ მაქსიმალურად მობილიზაციისკენ. ჩვენ ერთიანად, ძლიერად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, მშვიდად, მტკიცედ უნდა ვიდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.