1-09-2021
ერთ კვირაში, კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მათი ოჯახის წევრები გამარტივებულად, კლინიკაშივე შეძლებენ -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ვანში ისაუბრა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი წარადგინა.
რატი ბრეგაძის განმარტებით, კოვიდ ინფიცირებულ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.
„იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს იმყოფებიან კერძო კლინიკებში, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახებს და ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიეცემათ ამის საშუალება კერძო კლინიკებიდანაც კი. კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას. ეს არის ნათელი სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის, როდესაც მაგალითად, პატიმრებს აყურებინებდნენ მიცვალებულს და აბამდნენ გარდაცვლილი პატიმრების გვერდით. დღეს კი, საავადმყოფოში მყოფ პატიმარს ეძლევა იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის წევრებს"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.