გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი

3-09-2021

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული 8 წელი გამორჩეული იყო თავისი მიღწევებით, გამოწვევებით, სირთულეებითაც, მაგრამ აუცილებელია სირთულეების ერრთობლივი ძალისხმევით დაძლევა.


„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლაც არის პანდემია. მინდა აღვნიშნო, რომ ამ გამოწვევასაც ჩვენ საერთო ძალისხმევით დავძლევთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, დავიწყეთ წარმატებული რეფორმების განხორციელება, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის გაძლიერება, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა. გვაქვს წინსვლა და პროგრესი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. გაათმაგებული ტემპებით, ჩვენ კიდევ უფრო მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ. ამისთვის საჭიროა, ეს პროცესი იყოს განგრძობადი, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რომ დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ნებისმიერ მოქალაქეს რომ ვკითხოთ, რა არის მათთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევაა, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და, ამასთანავე, სტაბილურობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სტაბილურობა და განჭვრეტადობა, პროგნოზირებადობა. ადამიანს უნდა გავუჩინოთ განცდა და რწმენა იმისა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი და მხოლოდ სიტყვებით ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი დღე. ამ ოპტიმიზმის საფუძველს, ბუნებრივია, მაძლევს ის გაკეთებული საქმეები, ჩვენი ძლიერი გუნდი და ერთობა, რომელიც ჩვენს დიდ პარტიას გააჩნია. ის ღირებულებები, ის პრინციპები და იდეალები, რომელზეც დგას და შეიქმნა ჩვენი პარტია ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ. სწორედ ამ იდეალებით, ამ პრინციპებითა და ფასეულობებით მოვდივართ დღემდე და ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა.


„ეს არის სწორედ იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც დავიწყეთ 90-იანი წლებიდან და თანდათანობით გაგრძელდა ქვეყნის ნგრევა, ის კატასტროფული შედეგი, რომელიც დადგა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კატაკლიზმებს გავუძელით, ძალიან ბევრი ბარიერი და სირთულე გადავლახეთ, ახლა საჭიროა კონცენტრირება მხოლოდ პროგრესზე, მხოლოდ განვითარებაზე და საქმეზე, შრომა არის მთავარი გამოსავალი, ერთად უნდა ვიშრომოთ, ბევრი საქმე უნდა ვაკეთოთ და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე მხარში დაუდგეს.

გვაქვს სერიოზული გეგმები, შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაც, თუ როგორ განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივებით, დავიწყეთ რეალურად სოფლის მეურნეობის განვითარება. მთავრობის მიერ უკვე დახარჯული და ინვესტირებულია 2 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, ამ პროცესში ჩართულია კერძო სექტორი. უამრავი პროექტი, როგორიცაა მაგალითად „შეღავათიანი აგროკრედიტი", „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი", ამ პროგრამების შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც არის გამონაკლისი მთელს რეგიონში, თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს, მართლაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. რა თქმა უნდა, ეს აისახა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ასევე, ჩვენ ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე.


სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად 2,5 მილიარდი დაიხარჯება, თანაც იმგვარად, რომ ყველა რეგიონზე იქნება მორგებული იმ რეგიონისთვის შესაფერისი პროექტები და პროგრამები. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ შევქმნით ახალ ტურისტულ ლოკაციებს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ყველა რეგიონს", - აღნიშნა პრემიერმა.