4-09-2021
ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივად 10-წლიანი განვითარების გეგმა ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; ყველა რეგიონი თანაბრად უნდა განვითარდეს; 32 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან 17 მილიარდი ლარი მოხმარდება დარჩენილი 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას, აღდგენას, მათ შორის მთლიანად მაგისტრალური გზის დასრულებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტულად გადაადგილდნენ მოქალაქეები.
„თბილისიდან 3 საათში ჩავალთ ბათუმში. წითელი ხიდიდან 4 საათში იქნება შესაძლებელი სარფამდე ჩასვლა. ასევე, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი გზის, კობი-გუდაურის მშენებლობას და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მთლიანად შეცვლის მთელი ქვეყნის სურათს და განწყობას, რეალურად, ეკონომიკურ განვითარებას დიდ ბიძგს მივცემთ. გამოწვევაა გაზიფიცირების სამუშაოები. ამ მიმართულებით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული ბოლო წლების განმავლობაში. ბევრ სოფელში შევიყვანეთ გაზი, ბევრ სოფელში წყალი, გზები. მხოლოდ წყლის მიმართულებით დაახლოებით 9 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება იმისთვის, რომ ყველა ქალაქში იყოს უკვე 2025 წელს 24-საათიანი და რაც მთავარია, ხარისხიანი წყალმომარაგება. 3 000 სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სირცხვილი არის ყველასი და ამ 30 წლის განმავლობაში მთავრობას იმდენი უნდა მოეხერხებინა, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა. თუმცა, ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, დიდი გამოწვევა იყო და ერთ დღეში და 2 დღეში ამის მოგვარება მთლიანად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამას სჭირდებოდა დროც, თანხები და, რა თქმა უნდა, სტაბილურობა. პოლიტიკური სტაბილურობა გვაქვს, სახეზეა ეკონომიკური სტაბილურობა, აუცილებელია ამის მიღწევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი და რეალობა, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიაღწია გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას.
„ეს შემთხვევითი არ არის და ბევრი ხელისუფალის მცდელობა იყო ალბათ ის, რომ მათაც ანალოგიურად მიეღწიათ, მაგრამ წინა მმართველების დროს ქვეყანამ ნახა არნახული ნგრევა და ომი, მათ შორის ძმათა მკვლელი ომი, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი შეცდომა იყო, ამან უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. საბოლოო ჯამში ხომ ხალხი დაზარალდა მეგობრებო. პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან, მაგრამ ტოვებენ მემკვიდრეობას. აი, ჩვენი მთავარი საზრუნავი და ოცნება, გნებავთ, უნდა იყოს ის, რომ ჩვენ დავტოვოთ კარგი მემკვიდრეობა, ღირსეული მემკვიდრეობა და მომავალ თაობას დავუტოვოთ უფრო გაძლიერებული, უფრო მეტად მოვლილი ქვეყანა. უფრო კარგად მოვლილი, განვითარებული რეგიონები, ქალაქები, მუნიციპალიტეტები. ჩვენ დავიწყეთ ახლა 500-მილიონიანი პროექტი, ეს არის „განახლებული რეგიონების პროგრამა", რომელიც გულისხმობს ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას, ურბანული განახლების პროგრამა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ხონშიც მიმდინარეობს სამუშაოები ამჟამად. ყველა ქალაქში უნდა მოვაწყოთ ევროპული ტიპის ცენტრები, რითაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობაც ისარგებლებს. ასევე, ბიზნესსექტორიც ჩაერთვება ამ ინიციატივაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მოსახლეობა ირჩევს თავის მსახურს, თავის მმართველს, მერს, რომელიც უნდა მოემსახუროს მათ საჭიროებებს, მათ პრობლემებსა და გამოწვევებს.
„ასეთი კაცია ბატონი ლადო ჯურხაძე. მე მინდა მას მივესალმო და მადლობა ვუთხრათ მას უკვე მანამდე გაწეული სამუშაოსთვის. იგი ძალიან წარმატებულად მართავს მუნიციპალიტეტს და მჯერა, იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, კიდევ მეტ საქმეს გაუკეთებს ჩვენს მოსახლეობას. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ეს რაღაც გაუაზრებელი, უაზრო, არაფრისმომცემი, უნაყოფო პოლიტიკური ბატალიები, კინკლაობა და ერთმანეთის ლანძღვა. საქმეზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და შედეგზე. მხოლოდ მუშაობა, მხოლოდ შრომა და მხოლოდ განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. განვითარება ყველა რეგიონს და ყველა ქალაქს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.