4-09-2021
რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ; ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს, რომლებსაც დღეს ქუთაისში, „აიას" სარაგბო არენაზე შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდ „ქართუს" და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.
„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, ჩვენს საამაყო და ლეგენდარულ სპორტსმენებს, მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ იმ დიდი სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც თქვენ მოგინიჭებიათ ჩვენთვის, მთელი ერისთვის. რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ. ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია. ფონდმა „ქართუმ" და კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რაგბის განვითარების საქმეში. 12 წლის წინ დაიწყო ბატონმა ბიძინამ სწორედ რაგბის განვითარებაში სერიოზული, სოლიდური ინვესტიციების ჩადება. 100 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო სწორედ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ეს თანხა, თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა რეალურ, ხელშესახებ შედეგში. ეს, რა თქმა უნდა, თქვენ დაიმსახურეთ, ჩვენო ძვირფასო, ჩვენო საამაყო სპორტსმენებო და ეს არის იმ სწორად განსაზღვრული, დაგეგმილი და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მთავრობის მეთაურის თქმით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ მთავრობას წარუდგინა ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რაგბი და გადავიდეს შემდგომ ეტაპზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გეგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ახალი ბაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
„ის, რომ დღეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ძლიერი და დაუმარცხებელი ქართველი ხალხის რაგბის ნაკრები მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ეს ნამდვილად საამაყოა. ჩვენი ამბიციაა, მსოფლიო ხუთეულში შევიდეთ ძალიან მალე და ამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ ყველა ერთად - მთავრობა, კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, ძვირფასო სპორტსმენებო. თქვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ მთავრობისგან, ბიზნესისგან, მე მჯერა, ბევრი ჩაერთვება ამ პროცესში, იმისთვის, რომ გავაორმაგოთ მიღწეული შედეგი. განვითარების გეგმა ითვალისწინებს ათეულობით ახალი სპორტული ლოკაციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაახლოებით 100-მდე ბაზის მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ის ასეულობით, ათასობით გულანთებული ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სპორტში და ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რომ რაგბიში არის განსაკუთრებულად წარმატებული ქართველი ხალხი. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას. ჩემი მხრიდან, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა, სრულ მზაობას ვადასტურებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რათა კიდევ უფრო განვითარდეს რაგბი და კიდევ უფრო მეტ საამაყო შედეგებს მივაღწიოთ ყველამ ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სარაგბო არენაზე შეკრებილ სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.