5-09-2021
ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები სახეზეა; ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა არის ეპიდემია. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, სიტუაცია მართვადი იყოს და არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი", დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი" და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის" და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის" შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა.
„ჩვენს თანმიმდევრულ, ეტაპობრივ ეკონომიკის გახსნას მყისიერი შედეგიც მოჰყვა. გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანას აქვს 12%-იანი ზრდა პირველი 7 თვის განმავლობაში. აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში - 25%-იანი, ივნისში - 18%-იანი, ივლისში - თითქმის 10%-იანი. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას და ამ პროცესს სჭირდება შენარჩუნება. ასევე, ამ განვითარებას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.