23-11-2017
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თუნუქის სახურავებს შეისყიდის.
2 350 ცალი თუნუქის სახურავის შესყიდვაზე ტენდერი გამგეობამ 6 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 000 ლარია.
შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახურავებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სარეიტინგო ქულა ერთიან მონაცემთა ბაზაში 100 000 არ აჭარბებს და მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანებულია.
„მთავარი კრიტერიუმი სარეიტინგო ქულაა, თუმცა თანაბარ სიტუაციაში მყოფი ოჯახების შემთხვევაში უპირატესობა იმ ოჯახს მიენიჭება, სადაც შშმ. პირი ცხოვრობს, ასევე უპირატესობა მიენიჭება ისეთ ოჯახს, რომელთა საცხოვრებელი სახლის სახურავი უფრო მეტადაა დაზიანებული. რაც შეეხება ოჯახების მდგომარეობის შესწავლას, სპეციალური კომისია მას შემდეგ დაიწყებს, როცა სახურავებს შევისყიდით,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.
ამ დროისთვის შუახევის მერიაში საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავის მიღების მოთხოვნით 100 – მდე განაცხადია შესული.
კონკრეტულად ვინ მიიღებს თუნუქის სახურავს უსასყიდლოდ შუახევში, კომისია გადაწყვეტს.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თუნუქის სახურავები შუახევში ბოლოს 2015 წელს შეისყიდეს.