გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: რა შეიძლება უწოდო საქციელს, როცა მიდიხარ ბრიუსელში და ევროპელ პარტნიორებს სთხოვ, საქართველოს არ მიეცეს უვიზო რეჟიმი, ანუ ჩვენს მოქალაქეებს, ამას აკეთებდა „ნაცმოძრაობა" სააკაშვილის ხელმძღვანელობით

10-09-2021

სიკეთეს და მშვიდობას ემუქრება არასტაბილურობა, ქაოსი და ის ხელოვნურად შექმნილი, ინსპირირებული კრიზისები, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან განუწყვეტლივ ისმის და ეს მოწოდებები არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ მუდმივი შფოთვა იყოს საზოგადოებაში, რომ მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ იმ სიკეთეების განცდა, რომელზეც ვსაუბრობ და არ დაგეგმონ უკეთესი ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ქვეყნის და ხალხის პირდაპირი მტრობაა.


„რა შეიძლება უწოდო იმ საქციელს, როცა შენ მიდიხარ ბრიუსელში და ევროპელ პარტნიორებს და მეგობრებს სთხოვ, საქართველოს არ მიეცეს უვიზო რეჟიმი, ანუ ჩვენს ხელისუფლებას კი არა, ჩვენს მოქალაქეებს. ეს იყო სულ რაღაც 5-6 წლის წინ, როცა „ნაცმოძრაობის" ლიდერები სააკაშვილის ხელმძღვანელობით დადიოდნენ ბრიუსელში და პირდაპირ სთხოვდნენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, არ მოეცათ ჩვენთვის უვიზო რეჟიმი. მტრობა არის ის, როცა დადიხარ და ყალბი ინფორმაცია ჩაგაქვს ჩვენი ქვეყნის შესახებ, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული, უსაფუძვლო ცნობები, რათა რაღაც სანქციები დაეკისრებინათ ჩვენთვის. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა დაზარალდებოდა და ჩვენი მოქალაქეები იზარალებდნენ. ჩვენ ეს კარგად გვესმის, რა ძალასთან გვაქვს საქმე. აუხსნელია, როგორ შეიძლება, დღეს კიდევ დაუჭირო მხარი იმ ძალას, რომლის მმართველობის დროს ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიის 20% - ჩვენი ისტორიული, ძირძველი ტერიტორიები. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, თავის ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლაში ქვების გროვას უწოდებდა ცხინვალს და 100-ზე მეტ სოფელს, რომელიც მან დაკარგა და დააკარგინა ჩვენს მოქალაქეებს - კოდორის ხეობა და ათასობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილად. მესმის, რომ ყველა „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვერ იქნება და მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქეა განაწყენებული და აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის და ბოროტების გარჩევა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად აქვს გააზრებული და ვერდიქტი აქვს გამოტანილი უკვე, დიდი ხანია. ამიტომ, საჭიროა კიდევ უფრო მეტი, აქტიური, პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის, თუნდაც ჯერ კიდევ ამ შეცდენილ ადამიანებთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ მასების შეცდომაში შეყვანის უნარი, მით უმეტეს იმ პროპაგანდის პირობებშიც, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ძალიან რთულია, იმდენად აღრეულია ტყუილ-მართალი, გაარჩიო რა არის ტყუილი და რა - სიმართლე. ამიტომ, კიდევ უფრო პროაქტიულ რეჟიმში, გაათმაგებული ენერგიით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის მსახურებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მერი უნდა იყოს ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე, მათი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაზე და ასეთი უნარებით დაჯილდოებულია დუშეთის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" კანდიდატი მანანა ნარიმანიძე. პრემიერ-მინისტრმა მას წარმატება და გამარჯვება უსურვა და მოქმედ მერს, ზურაბ სეხნიაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.